English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლელა კინწურაშვილი
ადამიანისეული კაპიტალი საქართველოს შრომის ბაზარზე

რეზიუმე. ეკონომიკური დოვლათის ფორმირება ოდითგანვე იყო დაკავშირებული ადამიანის უნართან, ცოდნასა და შესაძლებლობებთან. 

დღეს ადამიანური კაპიტალი გადაიქცა ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ უმთავრეს  ფაქტორად. როგორც ამას გამოცდილება ადასტურებს, განათლების დონე დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ეკონომიკური აქტიურობის ზრდაზე, ხელს უწყობს მის პროფესიულ მობილურობას, ამცირებს უმუშევრობის რისკს, აძლიერებს მომუშავის შემოსავლების ზრდის ტენდენციას და ა.შ. ცოდნით აღჭურვილი ადამიანისთვის გაცილებით მარტივია ახალი ტექნოლოგიების ათვისება და მიმდინარე სოციალური ცვლილებებისადმი შეგუება. ანუ ადამიანური კაპიტალი აძლიერებს მომუშავეთა პოზიციას შრომის ბაზარზე და ეხმარება შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში.

განვითარებული ქვეყნების მაგალითი ცხადყოფს, რომ მშპ-ს ზრდა დიდწილად განპირობებულია ადამიანური კაპიტალის როლის ზრდით. რესურსების შეზღუდულობის პირობებში წარმოების თანდათანობით განვითარებამ გამოიწვია წარმოების ინტენსიფიკაციის განხორციელების აუცილებლობა და შესაბამისად შრომატევადი დარგები მეცნიერებატევადმა დარგებმა ჩაანაცვლა. თუკი ადრე ერთი დეტალის დამზადებას ადამიანთა დიდი რაოდენობა და მძიმე შრომა სჭირდებოდა, დღეს ეს საქმიანობები ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი. შესაბამისად შეიცვალა მოთხოვნა ადამიანის შესაძლებლობების მიმართ და გაიზარდა მისი გონებრივი უნარის როლი და მნიშვნელობა მაშინ, როცა მოთხოვნა უშუალოდ ფიზიკურ შრომაზე შემცირდა.

ასეთ ვითარებაში იზრდება განათლების მნიშვნელობა და როლი ეკონომიკურ საქმიანობაში.

საკვანძო სიტყვები: ადამიანური კაპიტალი, შრომის ბაზარი, განათლება.

ადამიანური კაპიტალის თეორიის ჩამოყალიბება

ადამიანურ კაპიტალში იგულისხმება ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ნაწილი, რომელიც იქმნება ინვესტიციების შედეგად ადამიანში დაგროვილი ცოდნის, უნარების, ჯანმრთელობის, შესაძლებლობების და მოტივაციების მარაგით.

ადამიანის შრომის უნარი, მისი განვითარებისა და გამოყენების შესაძლებლობები საზოგადოებრივი მეცნიერების კვლევის არეალში აღმოჩნდა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში. ამავე პერიოდში ადამიანის შრომის უნარი კაპიტალის ცნებასთან იქნა დაკავშირებული და აღიარებული, როგორც წარმოების პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა, სამუშაო ძალა კი  - კაპიტალის ერთ-ერთი ნაირსახეობა (უილიამ პეტი, ადამ სმიტი, ჟან ბატისტ სეი, კარლ მარქსი, ლეონ ვალრასი,  ალფრედ მარშალი და სხვა). 

ადამ სმიტმა ცოდნა და უნარ-ჩვევები მიაკუთვნა კაპიტალს, რომელიც მუშაკის საკუთრებას წარმოადგენს [Смит А., 1956: გვ. 490; с. 208, 235].

ჟან ბატისტ სეის მიერ სასარგებლო უნარები და შესაძლებლობები განიხილება, როგორც კაპიტალის არამატერიალური ფორმა, რომელიც ყალიბდება ყოველწლიური დაბანდების შედეგად და წარმოადგენს ,,მწარმოებლურ ჯამს“ [ჟ. ბ. სეი,  1896].

ლ. ვალრასი გამოყოფს პირად კაპიტალს და ადამიანს განიხილავს, როგორც  ,,ბუნებრივსა და მუდმივ კაპიტალს: ბუნებრივს იმიტომ, რომ იგი არ იწარმოება ხელოვნურად, მუდმივს კი იმიტომ, რომ  ყოველი თაობა აღზრდის თავის მსგავსს“ [Вальрас Л., 1898, გვ.43].

თუმცა ტერმინის „ადამიანური კაპიტალის“, ისევე, როგორც კაპიტალის ისეთი ახალი ფორმების, როგორიცაა სოციალური კაპიტალი (Social Capital), ინტელექტუალური კაპიტალი (Intelectual Capital),  სიმბოლური კაპიტალი (Symbolic Capital) და სხვ.  მეცნიერული შესწავლა დაიწყო მე-20 საუკუნეში [Kepuladze G., Arnania-Kepuladze T., 2017, გვ.331].

ტერმინი „ადამიანური კაპიტალი“ პირველად 1958 წელს იქნა გამოყენებული ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენლის  ჯეიკობ  მენსერის მიერ, რომელიც ასევე ითვლება თანამედროვე შრომის ეკონომიკის მამად. ამ უკანასკნელმა  და გარი ბეკერმა ადამიანური კაპიტალის თეორიის ემპირიული საფუძვლების შემუშავებას შეუწყვეს ხელი. 1960-1961 წლებში  ტერმინი „ადამიანური კაპიტალი“  ასევე მოიხსენია  თავის ნაშრომებში ,,განათლების კაპიტალის ფორმირება’’ (1960), და ,,ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება’’ (1961) ნობელის პრემიის ლაურეატმა თეოდორ შულცმა [Schultz, 1971]. აღნიშნულ ნაშრომებში ის წერდა, რომ ყველა ადამიანური შესაძლებლობა და რესურსი ან თანდაყოლილია, ან შეძენილი. ის ფასეული უნარები, რომლებსაც ადამიანი იძენს და აძლიერებს ინვესტიციებით, წარმოადგენს ადამიანურ კაპიტალს.

ადამიანური კაპიტალის თეორიის თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბების წინა პირობა იყო კაპიტალის კონცეფციის ფართო სპექტრის არსებობის აღიარება [Kepuladze G., Arnania-Kepuladze T., 2017], რასაც ათვლის წერტილად დაედო დებულება, რომ საზოგადოებრივი სიმდიდრის ყველა ელემენტი, რომელიც გროვდება, გამოიყენება წარმოებაში და გამოიმუშავებს შემოსავალს, განიხილება როგორც კაპიტალი. ადამიანური კაპიტალი არის შემოსავლის დამატებითი წყარო, რაც დამოკიდებულია პიროვნების ცოდნაზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე.

თანამედროვე ადამიანური კაპიტალის თეორიის ფორმირებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვით ისეთ  ეკონომისტებს, როგორებიც არიან: ვ. ბოუენი, მ. ფიშერი, ჯ. უეზი, ლ. ტროუვი და სხვები.

ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში

თანამედროვე ეტაპზე ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელოვან როლზე არავინ დაობს და ფართოდ აღიარებულია ადამიანური კაპიტალის მზარდი მნიშვნელობა ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. ეს კი განაპირობებს განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ფორმირებისადმი, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ინვესტირებას.

ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება ვარაუდობს ოთხი ურთიერთდაკავშირებული სუბიექტის - ინვესტორის, დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს - ინტერესების შეთანხმებას.

ინვესტორის მხრიდან ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება ვარაუდობს სარგებლის მიღების ბუნებრივ სურვილს, დასაქმებულებისთვის - ეს არის შემოსავლების მატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სამუშაოთი კმაყოფილების გრძნობა და სხვა. დამსაქმებლისთვის ეს არის შრომის ეფექტიანობის, მწარმოებლურობისა და, მაშასადამე, მოგების ზრდა. რაც შეეხება სახელმწიფოს, მისთვის ადამიანური კაპიტალის ინვესტირება  არის მოქალაქეთა კეთილდღეობის, სამოქალაქო აქტივობის და მთლიანი შემოსავლების ზრდა, საზოგადოებაში ცხოვრების კმაყოფილების დონის ამაღლება.

ამასთან, ინვესტორის როლში შეიძლება გამოდიოდნენ როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციები და სახელმწიფო.

სახელმწიფოები ცდილობენ გაზარდონ დანახარჯები ადამიანურ კაპიტალზე. ასე მაგალითად, 2019 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადანაწილება 4 ძირითადი მიმართულებით  [მოქალაქის გზამკვლევი 2019] დაიწყო (იხ. ნახაზი1):

ნახაზი 1. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადანაწილების ძირითადი მიმართულებები:


წყარო: შედგენილია ავტორის მიერ „მოქალაქის გზამკვლევი 2019 წელი“-ს მონაცემების საფუძველზე.

როგორც ვხედავთ თანხების გადანაწილება ამ სფეროებს შორის არათანაბარია და მისი ძირითადი ნაწილი ადამიანური კაპიტალის დაფინანსებაზე მიიმართება.

როგორც ინდივიდის, ისე სახელმწიფოს მხრიდან ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ხარჯების გაწევის შედეგად  ინდივიდები იძენენ გარკვეულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც გროვდება მარაგის სახით. ადამიანურ კაპიტალში კაპიტალდაბანდების  ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა გაწელილია  დროში და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების უკუგება დაახლოებით 12-20 წლის შემდეგ ხდება. ამის მიუხედავად, ადამიანურ კაპიტალში დანახარჯები საბოლოო ჯამში ქვეყნის კეთილდღეობის ზრდას უწყობს ხელს. ამ მიზანზე ორივე მხარე – როგორც სახელმწიფო, ასევე ცალკეული პირი თანხმდება, რადგან ორივე მხარისთვის საბოლოო მიზანს საკუთარი შემოსავლების არსებობა და მისი ზრდა წარმოადგენს, რაც შემდგომი განვითარების  ერთ-ერთი მთავარი გარანტია.

უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები და შედეგები

XXI საუკუნე ახალი, ე.წ ინფორმაციული ტიპის ეკონომიკის ჩამოყალიბებასთან ასოცირდება, რომლის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ცოდნა და ინოვაციები. მაღალკვალიფიციური კადრი მაღალი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სისტემის განვითარებას დიდი როლი ენიჭება.

ზოგადად განათლება, განსაკუთრებით კი  უმაღლესი განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. განსაკუთრებით გამოიკვეთა მისი როლი გლობალური მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა წამყვანი ქვეყნების მთავრობებმა აღიარეს განათლებაში ინვესტირების ზრდის აუცილებლობა  ეკონომიკის გასაძლიერებლად. იუნესკოს გადაწყვეტილებით,  XXI საუკუნე ,,განათლების ერად“ გამოცხადდა.

 ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება განათლების სფეროსთან უკვე დაიწყო და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტექნოლოგიური რევოლუცია განათლების სფეროს მთლიანად შეცვლის და სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.

2004 წელს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღების შემდეგ შეიცვალა უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა და  შემცირდა სასწავლო კურსების ხანგრძლიობა. 2005 წლის ბოლონიის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიცვან ბოლონიის პროცესის ძირითადი პრინციპები [ვუახლოვდებით ევროპას?, 2010].

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 2005-2006 სასწავლო წლიდან სტუდენტთა მიღება წარმოებს ერთიანი ეროვნული გამოცდებით, რომლის მიზანია უმაღლეს განათლებაზე დაშვების საერთო პრინციპი, რომლის წინაშე ყველა აბიტურიენტი თანასწორია [ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, 2014].

დაფინანსებადი პროგრამების შემოღებით უმაღლესი განათლების მიღება საშუალო და დაბალი ფენის მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, როგორც ამას სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, საშუალოდ მხოლოდ სტუდენტთა მეოთხედი ახერხებს უნივერსიტეტის დამთავრებას. ფინანსების დანარჩენი  ნაწილი კი უშედეგოდ იკარგება.

XXI საუკუნის განათლება წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად რომ არის განვითარებული ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არავისთვის დგას, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ არსებული ვითარება სრულიად საკმარისია რეალობისათვის ფეხის ასაწყობად. ფაქტია, რომ სწავლების მეთოდები მნიშვნელოვნად დაიხვეწა, დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს. წარსულში თუ იგი წარმოადგენდა  მიმართულებას, მოემზადებინა პროფესიონალი კადრები,  დღეს ძალიან რთულია ვივარაუდოთ თუ როგორ განვითარდება შრომის ბაზარი და რა მოთხოვნას დააყენებს იგი საზოგადოების წინაშე. რეფორმებით მიღწეული წინსვლა აშკარაა, თუმცა ქართული განათლების სისტემა მაინც ვერ აღწევს ევროპულ სტანდარტებს, რაც ხელს უშლის თანამედროვე სამყაროსთან ღირსეულ და სრულ ინტეგრაციას.

საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი

შრომის ბაზრის კვლევას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მიუხედავად ამისა ინტერესი ამ საკითხის მიმართ კვლავინდებურად დიდია, ვინაიდან საზოგადოების განვითარების ყოველ ეტაპზე ჩნდება ან ახალი პრობლემები ან ძველი პრობლემები, ახლებურად იჩენს თავს [Arnania-Kepuladze T., 2011, გვ.85-86].

მეცნიერების წინსვლისა და ტექნოლოგიური ცვლილებების ერაში ძალიან სწრაფად იცვლება მოთხოვნები სამუშაო ძალის მიმართ და იქმნება ისეთი ახალი სამუშაო ადგილები,  რომელიც ითხოვს ახალი ტექნოლოგიების ცოდნას.

საქართველოს მთავრობის კვლევის მიხედვით, ადგილობრივ სამუშაო ძალას არ გააჩნია შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილი უნარები. ამ მოსაზრებას ამყარებს საერთაშორისო კონკურენციის ინდექსის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთი წინაღობა არასაკმარისად მომზადებული სამუშაო ძალაა.

უმაღლესი განათლების სისტემის ეფექტურობა კი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ასრულებს იგი შრომის ბაზარზე  არსებულ მოთხოვნებს, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მიერ უნდა მოხდეს შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების მოთხოვნისა და მიწოდების მონაცემების დადგენა და შესაბამისი მიმართულებით რეგულირება.

დღეს მსოფლიოშიც და საქართველოშიც საუბრობენ იმაზე, რომ არსებობს როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი დისბალანსი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი განათლების მხრიდან კადრების მიწოდებას შორის. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირთა მხოლოდ ერთი მეოთხედი მუშაობს საკუთარი სპეციალობით. ამჟამად, განათლების სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში, დამატებით ფინანსდება საჯარო უნივერსიტეტებში ე. წ. პრიორიტეტული მიმართულებები, თუმცა მიწოდებული შრომითი რესურსები ნაკლებადაა შესაბამისი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

მიუხედავად სხვადასხვა ღონისძიებებისა, დღეს საქართველოში შრომის ბაზრის მდგომარეობა პრობლემატურია. საქსტატის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონემ  2018 წელს შეადგინა 12.7%, მაშინ როცა უმუშევრობის ბუნებრივ დონედ  მიჩნეულია 5.5-6%, ანუ დღეს ეს მონაცემი 2.3-ჯერ აღემატება ბუნებრივ მონაცემს.

ეს პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდი იქნება თუ გავითვალისწინებთ იმიგრაციულ პროცესებს, რომელთა ძირითადი ნაწილი დასაქმების მიზნით ხდება და მათი რიცხვი არ შედის უმუშევართა რიცხვში.  ხშირია შემთხვევები როცა ქართული თუ უცხოური განათლების მიღების შემდეგ ადამიანები სამშობლოში შესაბამისი სამუშაო მოწყობის არარსებობის გამო საქართველოს ტოვებენ და უცხოეთში იწყებენ მუშაობას, რაც „ტვინების გადინებას“ იწვევს.

მეორე მხრივ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია, დამსაქმებლები ხშირად უჩივიან კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, რაც ერთი შეხედვით უცნაურია, რადგან სამუშაო ძალის დიდ ნაწილს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება.

შრომის ბაზარი გაჯერებულია მომიჯნავე პროფესიების მქონე კადრებით, მაშინ როცა ზოგიერთ სპეციალობაში კადრების სიმცირე შეინიშნება. საქსტატის მონაცემებით, 2018-2019 სასწავლო წლებში უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთა რაოდენობამ 41600 სტუდენტი შეადგინა, რომელთა უმრავლესობა განაწილებულია შემდეგ პროგრამებზე: მასწავლებელთა განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის და სამართლის სპეციალობებზე. ისეთი სპეციალობები კი, როგორიცაა გარემოს დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ვეტერინარია, ჯანდაცვა, კადრების სიმწირეს განიცდის.

ამასთანავე, აბიტურიენტთა ნაწილი სპეციალობის არჩევისას არ ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებს და მათი ინტერესების შესაბამის სფეროს, რაც იწვევს ადამიანური რესურსების არასწორ გადანაწილებას და ეკონომიკის განვითარების შეფერხებას.

ამიტომ სახელმწიფომ ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის უნდა იტვირთოს განათლების და შრომის ბაზრის შესაბამისობის რეგულირების ფუნქცია, საზოგადოების ცნობადობის დონის ამაღლებით, განათლების ხარისხის გაზრდით, შესაბამისი შრომის ანაზღაურების სისტემის ჩამოყალიბებით და ნაკლებად მოთხოვნადი სპეციალობების დაფინანსების ხელშეწყობით, რომელთა სიმცირესაც განიცდის შრომის ბაზარი.

დასკვნა

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანი, რისთვისაც ხორციელდება ესა თუ ის პროექტი არის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ტექნოლოგიური წინსვლის ერაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ადამიანური კაპიტალის და განსაკუთრებით განათლების სისტემის  განვითარების  ხელშეწყობითაა შესაძლებელი.

ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს რომ განათლების სისტემა წარმოადგენს ეს სულაც არ არის შემთხვევითობა. ზოგადად განათლება, განსაკუთრებით კი  უმაღლესი განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მისი მთავარი ფუნქცია განათლების გავრცელება და ქვეყნისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

შესაბამისად, საქართველოს განათლების სისტემაც იცვლის სახეს და თანდათან იხვეწება. თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფო სახსრების მნიშვნელოვან ნაწილს  სწორედ განათლების დაფინანსებაზე მიმართავს, თუმცა კიდევ არაერთი ნაბიჯია გადასადგმელი იმისათვის, რომ სახსრები ეფექტურად დაიხარჯოს, და მიღებულ იქნეს ის შედეგი, რა მიზანსაც ხმარდება ესა თუ ის პროექტი. აქ კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა იჩენს თავს: განათლების ბაზრის და შრომის ბაზრის შესაბამისობის საკითხი.

განათლების სისტემა და შრომის ბაზარი რომ ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სფეროა დღესდღეობით ამაზე არავინ დაობს.  ამიტომ ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია ორივე მიმართულების კონტროლი და შესაბამისი ზემოქმედება. ერთ-ერთ მათგანზე ცვლილებას დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს მეორე სფეროში შესაბამისი ცვლილება და პირიქით, რომ დისპროპორციებს ადგილი არ ჰქონდეს და ეკონომიკის განვითარება არ შეფერხდეს.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე მოქალაქეების აღზრდა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ეკონომიკურ ზრდას.

 

რეზიუმე

ადამიანური კაპიტალის ეფექტური გამოყენება და გლობალური შრომის ბაზარზე მისი ხარისხის შესაბამისობის საკითხი  სულ უფრო პრიორიტეტული ხდება.

სტატია გადმოგვცემს ძირითად შეხედულებას  ადამიანური კაპიტალის შესახებ და შრომის ბაზარზე მისი გამოყენების საკითხს.

ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ერთ-ერთ უმთავრეს რესურსს ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს, შესაბამისად განათლება და მეცნიერება ქვეყნის განვითარების ყველაზე გამორჩეული და პრიორიტეტული, გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი სფეროებია. ქვეყნის განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული ეფექტური განათლების სისტემაზე. ეკონომიკური შინაარსით განათლება – ეს არის ბიზნესის პროდუქტი, რომლის რეალიზაცია შესაძლებელია ძალიან მაღალი უკუგებით. ცოდნა და განათლება  მნიშვნელოვნად ცვლის მსოფლიოს, რადგან განათლების დონეს უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოების განვითარებასა და დასაქმებაზე. განათლებასა და დასაქმების დონეს შორის ურთიერთკავშირის განსაზღვრისათვის  ჩატარებულია უამრავი კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ უმაღლესი განათლება საქართველოში შემოსავლებისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდის მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს.

სტატიის პირველი ნაწილი გვაწვდის შეხედულებებს ადამიანური კაპიტალის შესახებ, ადამიანური კაპიტალის თეორიის ჩამოყალიბებას და მის თანამედროვე ხედვას.

შემდეგი ნაწილი მიმოიხილავს ადამიანური კაპიტალის მზარდ როლს ტექნოლოგიური წინსვლისა და შეზღუდული რესურსების პირობებში.  გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა ყველაზე მეტად დამოკიდებულია ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებაზე. განათლებულ და შემოქმედებით ძალას შეუძლია ხელი შეუწყოს შრომის პროდუქტიულობის და ეკონომიკურ ზრდას.

მესამე ნაწილი მიმოიხილავს საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას, როგორც ადამიანური კაპიტალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელ; ბოლო  წლების განმავლობაში უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების, შედეგების და ნაკლოვანებების შესახებ.   როგორ მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესები დღესდღეობით და რამდენად შეესაბამება იგი თანამედროვე სტანდარტებს. რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა და როგორი უნდა იყოს იგი ტექნოლოგიების განვითარების ერაში, რომ ქვეყანამ შეძლოს მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირება და ფეხი აუწყოს თანამედროვე სტანდარტებს.

 ბოლო ნაწილი მიმოიხილავს საქართველოს შრომის ბაზარს და განათლების სისტემასთან მისი კავშირის დონეს. თუ რამდენად შეესაბამება საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების სისტემა შრომის ბაზრის მოთხოვნებს და არსებულ პრობლემებს. საქსტატის მონაცემთა კვლევით მტკიცდება, რომ უმუშევრობის დონე თანდათან მცირდება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად აჭარბებს ბუნებრივ დონეს(2018 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონე 2.3-ჯერ აღემატება ბუნებრივ დონეს).

დასასრულ,  შეიძლება ითქვას, რომ საჭიროა რიგი რეფორმების განხორციელება, უმაღლესი განათლების სისტემასა და შრომის ბაზარს შორის კავშირი უფრო ძლიერი რომ გახდეს და გაწეული ხარჯები სრულად შეესაბამებოდეს იმ შედეგს, რა შედეგის მისაღწევადაც ხორციელდება აღნიშნული ხარჯები.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. სეი ჟ. ბ.,  პოლიტიკური  ეკონომიის ტრაქტატი, მოსკოვი, 1896.
  2. მოქალაქის გზამკვლევი 2019 წელი,  www.mof.ge/4786
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური www.geostat.ge
  4. ვუახლოვდებით ევროპას? ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2010,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin /library.exe?e=d-01000-00---off-0ekonomik--00-1----0-10-0---0---0prompt- 10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl= CL4.2&d=HASH01102d428fe5f220a31b5580.6.fc
  5. ადამიანური კაპიტალის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში http://sab.ge/sites/default/files/ adamianuri_kapitalis_roli_kveqnis_ekonomikis_ganvitarebashi.pdf
  6. მაღლაკელიძე შორენა, განათლება და ეკონომიკა, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის     სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გამომცემლობა, 2004, გვ. 4-13. http://eprints.iliauni.edu.ge/1747/1/ადამიანისეული%20კაპიტალი%20და%20ინვესტირების%20თეორიული%20ასპექტები.pdf (2019-11-10)
  7. ბრეგვაძე თამარ, უმაღლესი განათლება და დასაქმება https://www.tsu.ge/data/ file_db/xarisxis_martvis_dep/ganatlebis-politika-5.pdf (2019-05-12)
  8. საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სამინისტრო. (ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა)http://www.mes.gov.ge/content.php?id=7798&lang=geo(2019-06-12)
  9. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ანალიზი. ანგარიში. თბილისი, 2014. https://www.tsu.ge/data/file_db/xarisxis_martvis_dep/evropuli_analizi.pdf (2019-12-12)
  10. დუთუაშვილი თათული, შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობა, როგორც ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი http://forbes.ge/blog/92/Sromis-bazarze- unarebis-Seusabamoba%2C-rogorc- ekonomikuri-zrdis-Semaferxebeli-faqtori (2019-07-12)
  11. Arnania-Kepuladze T., Gender Features of Time Allocation, Gender Stereotypes And Labour Supply, Journal „Equilibrium“. Quarterly Journal of Economics and Economic Policy, 2011, Volume 6, Issue N3. Poland. Pp. 85-101. DOI: https://doi.org/10.12775/EQUIL2011.022, http://economic-research.pl/Journals/index.php/eq/article/view/402/368 (2020.02.01)
  12. Kepuladze G., T Arnania-Kepuladze, 2017, Cooperatives and Social Capital: Innovative approach toward definition of an interconnection, 9th International Research Conference Management Challenges in the 21st Century, Bratislava, April 27th, 2017,  P. 331-342. http://www.cutn.sk/Library/ proceedings/mch_2017/prispevky/37_Kepuladze _Kepuladze.pdf (2020.02.01)
  13. Schultz T.W. Investment in Human Capital: The Role of Education and of Research, — New York: Free Press, 1971.
  14. Вальрас Л. Этюды прикладной политической   экономии./ Etudes d'economie politique appliquee. - 1898.
  15. Смит А. Исследование о природе и причинах богатства народов. М.: Соцэкгиз, 1956: с. 490; с. 208, 235  (2020.05.01)